სამოქალაქო ინიციატივა: არის შემთხვევები, როცა შავ სიაში შეყვანილი კომპანიები გზების დეპარტამენტის ტენდერებს იგებენ
ორგანიზაციამ სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევნისთვის ჩინური კომპანიის – China State Construction Engineering Corporation-ის საქმიანობა შეისწავლა, რომელიც რიკოთის გზის მშენებლობას ახორციელებს.
კვლევამ ჩინური კომპანია China State Construction Engineering Corporation-ის რეპუტაცია და მის სახელთან დაკავშირებული არაერთი გადაცდომა გამოავლინა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
როგორც ორგანიზაციის მკვლევრებმა დაადგინეს, CSCEC და მისი შვილობილი კომპანიები სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტებს შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი. ისინი კორუფციისა და თაღლითობის სქემებში იყვნენ ჩართული ჩინეთში, აშშ-ში, ფილიპინებში, პაკისტანში, კენიაში, ტანზანიაში, ეთიოპიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.
China State Construction Engineering Corporation 2009 წელს შავ სიაში შეიყვანა მსოფლიო ბანკმა ფილიპინებში შეთქმულების პრაქტიკასა და კორუფციულ სკანდალში მონაწილეობის გამო, რომელიც ეხებოდა ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამას.
2020 წლის აგვისტოში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ ჩინური კომპანიების სია, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან (PLA). ამ სიაში იყო CSCEC. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს უკანასკნელი კიბერჯაშუშობაში დაადანაშაულა, ხოლო აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტებს აუკრძალა, გამხდარიყვნენ CSCEC-ის აქციონერები.
უფრო ადრე კომპანია კიბერმაქინაციებში ჩართულობის გამოც ამხილეს. 2017 წელს, პეკინმა ფარული მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა აფრიკის კავშირის შტაბბინაში, რომელიც China State Construction Engineering Corporation-მა ეთიოპიაში ააშენა. აღმოჩნდა, რომ მონაცემები შენობაში არსებული პერსონალური კომპიუტერებიდან ჩინურ სერვერებს ხუთი წლის განმავლობაში გადაეცემოდა.
2022 წლის დასაწყისში, კენიის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს CSCEC-ის წინააღმდეგ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე. სასამართლოს სთხოვეს, აეკრძალა კომპანიის მუშაობა კენიაში და შესაბამისად, მის მიერ კენიის კანონებისა და დირექტივების დარღვევა დაედგინათ.
CSCEC-ის სახელთან ასოცირებული უახლესი სკანდალური შემთხვევა უკრაინაში დაფიქსირდა. 2023 წლის მარტის ბოლოს უკრაინულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ – NAZK-მა, ჩინური კომპანია უკრაინაში რუსული ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, CSCEC აგრძელებდა პროექტების აქტიურად განხორციელებას ტერორისტულ სახელმწიფოში, სწორედ მას აბარია კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები და რუსეთის მთავრობასთან მუდმივი შეხვედრების გამართვით თავისი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.
რას არღვევს ჩინური კომპანია საქართველოში
სამოქალაქო ინიციატივა კვლევაში წერს, რომ რიკოთის გზის ამჟამინდელ პრობლემამდე, CSCEC-ისთან დაკავშირებით გამოვლინდა ორი მნიშვნელოვანი გადაცდომა – 1) ხელშეკრულების გაჭიანურება და გადავადება და 2) გარემოსდაცვითი პრობლემები.
2019 წლის 21 აგვისტოს, გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა China State Construction Engineering Corporation Limited-სთან E-60 მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. პარადოქსულია ის გარემოება, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ნაწილობრივ დაფინანსებულ პროექტს სწორედ ის კომპანია აშენებს, რომელიც იმავე მსოფლიო ბანკს, შავ სიაში ჰყავს შეყვანილი.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შავ სიაში შეყვანილი კომპანია იგებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო პროექტს.
CSCEC-თან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული, მაშასადამე გზის მშენებლობა 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, ჩინელმა კონტრაქტორმა სამუშაო დროულად ვერ დაასრულა და, უცნობი მიზეზების გამო, პროექტის დასრულება შვიდი თვით გადაიდო. ამის შემდგომ, E-60 მაგისტრალის-ხევის მშენებლობის პროექტის დასრულების ვადად 2023 წლის აგვისტო განისაზღვრა.
2020 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა ინფრმაცია, რომ ჩინურ კომპანია CSCEC-ს ბეტონის დამამზადებელი დანადგარი მდინარის პირას ჰქონდა ჩადგმული, რაც მდინარის დაბინძურებას იწვევდა. როგორც მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ გაარკვია, ამ ინფორმაციის მედიაში გაჟონვის გამო, მთავრობა იძულებული გახდა, კომპანია 3000 ლარით დაეჯარიმებინა.