2019 დან 2023 წლამდე პერიოდში საქართველოში სოციალური ტრანსფერები ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 20%-ის შემოსავლის 58%-ს შეადგენდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მიწოდებულ დახმარებაზე მნიშვნელოვან დამოკიდებულებაზე მიანიშნებს, – აღნიშნულია PMCG Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში არსებული ოჯახების შემოსავლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დასაქმებას და სოციალურ ტრანსფერებს.
2019-დან 2023 წლამდე დასაქმებიდან შემოსავლის მიმღები შინამეურნეობების წილი 57.7%-დან 64.4%-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში საშუალო ნომინალური შემოსავალი დასაქმებიდან ერთ შინამეურნეობაზე, რომელიც შემოსავალს იღებდა დასაქმებიდან, გაიზარდა 86%-ით (რეალური – 44%). ეს, ზრდა, შესაძლოა, ნომინალური ანაზღაურების 65%-იანი ზრდითა და დასაქმების მაჩვენებლის 3 პპ-ით ზრდითაა განპირობებული.
2022 წელს დაწყებულმა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამამ გაზარდა დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი დაბალშემოსავლიან შინამეურნეობებში. 2023 წლის ბოლოს პროგრამით დასაქმებული იყო 32,921 ადამიანი, რა დროსაც ისინი ყოველთვიური ანაზღაურების სახით მაქსიმუმ 300 ლარს იღებდნენ. სავარაუდოა, რომ აღნიშნული შემოსავალი დაეხმარა ზოგიერთ მათგანს სიღარიბის ზღვრის დაძლევაში. ამავე პერიოდში, ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების 18.6% იღებდა შემოსავალს დასაქმებიდან, რაც 4.5 პპ-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.
2019-დან 2023 წლამდე 2.8%-ით გაიზარდა იმ შინამეურნეობების წილი, რომლებიც იღებენ შემოსავალს სოციალური ტრანსფერებიდან. ზრდის მიზეზი შეიძლება იყოს საარსებო შემწეობისა და პენსიებს მიმღებთა რაოდენობის ზრდა.
2019 წლიდან 2023 წლამდე ტრანსფერის მიმღებ შინამეურნეობათა წილი 63.5%-დან 71%-მდე გაიზარდა, სოციალური ტრანსფერების საშუალო ნომინალური ოდენობა კი – 290 ლარიდან 471 ლარამდე, რაც გამოწვეულია საარსებო შემწეობისა და პენსიების ოდენობის საერთო ზრდით.
კოვიდ პანდემიის გამო 2019-დან 2020 წლამდე საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 19.5%-დან 21.3%-მდე გაიზარდა. 2020 წლის შემდეგ კი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელმა კლება დაიწყო. 2022 წლიდან 2023 წლამდე მაჩვენებელი 15.6%-დან 11.8%-მდე შემცირდა.
2020 წლიდან 2022 წლამდე სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებლის შემცირება ემთხვევა მოსახლეობის საარსებო შემწეობის მიმღებთა წილის ზრდას, რომელიც 11.9%-დან 17.4%-მდე გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო აბსოლუტური სიღარიბის შემცირებას. თუმცა, 2022-დან და 2023 წლამდე აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 3.8 პპ-ით დაეცა, მაშინ, როცა საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი მცირედით, 0.5 პპით, შემცირდა. ეს კლება სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა, გამოწვეული იყოს საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამით.
2022 წლიდან 2023 წლამდე სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი 15.6% დან 11.8%-მდე დაეცა, რაც 300 ლარიანი დასაქმების პროგრამის დახმარებით მოხდა.
2019-2023 წლებში ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, მცირედით, 20.1%-დან 19.8%-მდე შემცირდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შემოსავლების უთანასწორობა მხოლოდ ოდნავ შეიცვალა და მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ჯერ კიდევ უჭირს გასწვდეს ცხოვრების ნორმალურ სტანდარტებს.