საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში ყალბი ფულის ბრუნვა გაიზარდა.
მომატებულია როგორც ლარის, ასევე ევროსა და დოლარის ყალბი ბანკნოტების გასაღების შემთხვევები.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ევროს ყალბი კუპიურების რაოდენობა გაზრდილია 3.1-ჯერ. ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 89.5%-ით, ლარის – 41.4%-ით, ხოლო სხვა უცხოური ყალბი ვალუტა მიმოქცევაში 44.6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას, 2021 წელთან შედარებით, 2.7-ჯერ არის შემცირებული.
ბანკნოტებს შორის ყველაზე მეტად 100-ლარიანებს აყალბებენ. 2022 წელს გამოვლენილ ყალბ ფულს შორის 65% 100-ლარიანების შეადგენდა. 18% 50-ლარიანები იყო, 4% კი 20-ლარიანებზე მოდიოდა.
2022 წელს სულ მიმოქცევიდან 3003 ერთეული ყალბი ლარის, 1620 აშშ დოლარისა და 156 ევროს ყალბი ბანკნოტი ამოიღეს. ყალბი მონეტების რაოდენობა 378 იყო.