ყაზახეთმა აკრძალა რუსეთში 106 სახის საქონლის ექსპორტი, რომელიც შეიძლება უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენონ. ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრმა კაირატ ტორებაევმა განაცხადა.
„ყველა საქონლის ექსპორტი ნებადართულია, ომთან დაკავშირებული პროდუქტის გარდა. მთლიანად დავბლოკეთ 106 დასახელების საქონლის ექსპორტი“, – განაცხადა მან.
ამ საქონელს შორისაა თვითმფრინავები, დრონები, ჩიპები, ასევე ელექტრონიკა, რომელიც რუსეთმა შეიძლება, სამხედრო დანიშნულებით გამოიყენოს.
„აღნიშნული 106 დასახელების პროდუქცია არ იწარმოება ყაზახეთში, მაგრამ ადრე [რუსეთის უკრაინასთან ომამდე] მისი რეექსპორტი ხდებოდა ყაზახეთის გავლით. მათი იმპორტი ყაზახეთში ისევ ხორციელდება, მაგრამ ექსპორტზე არ გადის”, –განმარტა ტორებაევმა.
როგორც ცნობილია, დასავლური მედია და გამომძიებელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ზოგიერთი დასახელების უცხოური წარმოების საქონელი ყაზახეთიდან რუსეთში სანქციების გვერდის ავლით ხვდებოდა.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაავრცელა გაფრთხილება, რომ აკრძალავს ზოგიერთი საქონლის მიყიდვას ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან და ომის წარმოებისთვის საჭირო საქონელს სანქციების გვერდის ავლით აწვდიან.