1-ელი აპრილიდან ყაზახეთი აამოქმედებს ელექტრონულ სისტემას, რომელიც საზღვარზე საქონლის გადაადგილებას ონლაინრეჟიმში გააკონტროლებს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთში სანქცირებული პროდუქციის გადატანა.
ასტანა აცხადებს, რომ ესმის მეორადი სანქციების ყველა რისკი, ამიტომ ყველა პარტნიორთან ორმხრივ ვაჭრობას მკაცრად ადევნებს თვალყურს.
ამასთან, ყაზახეთის მთავრობა მიანიშნებს, რომ რუსეთთან ვაჭრობაზე შეზღუდვებს არ აწესებს.
ბოლო პერიოდში რუსული კომპანიებმა გააძლიერეს ზეწოლა ყაზახ პარტნიორებზე, რათა დასავლური სანქციების გვერდის ავლით საქონლის შემოტანაში დახმარებოდნენ. ყაზახეთის მიმართულებით ინტერესის მკვეთრად გაზრდა, სავარაუდოდ, თურქეთის მიერ სანქცირებული საქონლის ტრანზიტის შეჩერებას უკავშირდებოდა.
გასული წლის განმავლობაში რუსეთსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დიდი ალბათობით, „შავ სიაში” შეტანილი საქონელი, მათ შორის ის, რაც სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენება, რუსეთში ყაზახეთის გავლით შედიოდა. ყაზახეთიდან რუსეთში 2022 წელს, წინა წელთან შედარებით. ექსპორტმა 25%-ით მოიმატა. მაგალითად, ყაზახეთიდან რუსეთში ექსპორტირებული სარეცხი მანქანების რაოდენობა ერთ წელიწადში 0-დან თითქმის 100 000-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, ყაზახეთის მიერ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას წინ უძღოდა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი.