ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის დაანგარიშების წესის შეცვლაზე მუშაობს.
ცვლილება ითვალისწინებს, რომ გადასახადი დაანგარიშდეს არა შემოსავლის, არამედ ქონების მთლიანი ფართობის მიხედვით. შესაბამისად, ქონების გადასახადის დაკისრების საფუძველი აღარ იქნება დღეისათვის მოქმედი შემოსავლის 40 000-ლარიანი ზღვარი.
ფინანსთა სამინისტრო შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე შეიტანს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის – გიორგი კაკაურიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ცვლილების ზეგავლენის შეფასება, რის შემდეგაც, უწყება მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციებს დაიწყებს.
ქონების გადასახადი დამოკიდებული იქნება იმ ფართზე, რომელსაც კომპანიები თუ ფიზიკური პირები ფლობენ.
ქონების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ზონებისა და კვადრატულობის ფასის მიხედვით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს შემოსავლის 40 000-ლარიანი ზღვარი, რომელიც დღეს ქონების გადასახადის დაკისრების საფუძველია.
მისი თქმით, ეს არ არის სწორი შეფასების მეთოდი, რადგან შესაძლოა, პირს არა საქართველოში, არამედ სხვა ქვეყანაში ჰქონდეს შემოსავალი ან შეიძლება ის საერთოდ არ უფიქსირდებოდეს, მაგრამ რეალურად, დიდი ოდენობის ქონებას ფლობდეს.