სად ვყიდულობთ გაზს
საქართველო 99.5%-ით იმპორტირებულ გაზზეა დამოკიდებული. მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც საქართველომ 2022 წელს 1,411 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის 25%-ით არის გაზრდილი (2021 წელს 1,132 მილიარდი კუბ. მეტრი). მონაცემებს სემეკი 2022 წლის ანგარიშში აქვეყნებს.
31%-ით გაიზარდა გაზის იმპორტი რუსეთიდან და 520 მილიონი კუბ. მეტრი შეადგინა (2021 წელს- 397 მილიონი კუბ. მეტრი). ადგილობრივი მოპოვება 15 მილიონი კუბ. მეტრს შეადგენს (2021 წელს- 14 მილიონი კუბ. მეტრი).
ვინ ინაწილებს ბუნებრივი აირის ბაზარს
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 20 განაწილების ლიცენზიანტი. მათ შორის სამი ყველაზე მსხვილი კომპანიაა – შპს თბილისი-ენერჯი, შპს სოკარ ჯორჯია გაზი, სს საქორგგაზი. აღნიშნულმა სამმა კომპანიამ მომხმარებელს მთლიანი განაწილებული გაზის 90% მიაწოდა;
მომხმარებლების მესამედზე მეტი შპს თბილისი-ენერჯის აბონენტია.
ამავდროულად, მთლიანი ქსელის სიგრძის მხოლოდ 16% წარმოადგენს შპს თბილისი ენერჯის ქსელს. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ შპს თბილისი ენერჯი ქალაქ თბილისში ოპერირებს მაშინ, როცა შპს სოკარ ჯორჯია გაზი და სს საქორგგაზი, რომლებიც მთლიანი გამანაწილებელი ქსელის 77%-ს ფლობენ, რეგიონებში საქმიანობენ
2022 წელს 2021 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა გათბობის გრადუს დღეების ოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2022 წელს შენობების უფრო მეტი გრადუსით გათბობა იყო საჭირო; 2022 წელს კვლავ გაგრძელდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) წლის ბოლოს 1,488 მილიონი შეადგინა.