“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, ეროვნული ბანკის 140-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება. მათ საჯარო განცხადება გაავრცელეს. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ განცხადება ღიაა და ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, შეუერთდეს.
განცხადების ხელმომწერებს შორის არიან სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადება:
“საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა.
28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას”, წერია განცხადებაში.