გზა სოხუმიდან ჩეხეთამდე
გვანცა ხარაიშვილი – ქართველი მეცნიერი, ექიმი, ოლომოუცის (ჩეხეთი) საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-პათოლოგი.
ბავშვობა იყო სოხუმში. სოხუმის დაცემის დროს 15 წლის იყო.
მერე იყო თბილისი – ახალი სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
გვანცა ამბობს, რომ ბავშვობის ორი ოცნებიდან, გამხდარიყო ექიმი ან მასწავლებელი, ორივე აუხდა.
მანამდე იყო დევნილობა, რაც მრავალშვილიანი ოჯახისთვის განსაკუთრებით რთული იყო, მაგრამ როგორც ამბობს, ერთად დგომამ მრავალი დაბრკოლება გადაალახინათ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლობელია.
„მშობლები სკოლაში მუშაობდნენ, დედა ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, მამა – მათემატიკას და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო. ჩემი მშობლებით ძალიან ვამაყობ და მთელი ცხოვრება დამყვება განცდა, რომ ვცდილობ მათ მივბაძო. ხშირად მსმენია, რომ მათი სიმტკიცე, გამძლეობა და შრომისმოყვარეობა ბევრი მათი მოსწავლისთვის გამხდარა მაგალითი.“
2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში ადამიანის გენეტიკის განხრით.
პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის გენეტიკის განყოფილების გამგე, ექიმი, პროფესორი ანა გოგელია იყო:
„ძალიან მიმართლებს ადამიანებში, გარემოცვაში… ანა გოგელიაც ერთ-ერთი გამორჩეული მათგანი იყო. არამარტო მასწავლებელი და ხელმძღვანელი, არამედ ნამდვილი გულშემატკივარი. სწორედ მისი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ექიმი-პათოლოგანატომის, ბატონი გიორგი ბურკაძის, დამსახურებაა ჩემი წარმატება…“
ქართველი და ჩეხი პროფესორების ერთობლივი პროექტით, 2007 წელს დაიწყო ჩეხეთში გვანცა ხარაიშვილის ისტორია. ისტორიის დასაწყისი კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
გამოწვევები და მიღწევები მოლეკულურ პათოლოგიაში
დისერტაცია 2011 წელს დაიცვა თემაზე უჯრედგარე მატრიქსის ცილები და ეპითელური პლასტიურობა სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს პროგრესიაში.
სრული საექიმო მოღვაწეობისთვის კი ჩეხეთში აუცილებელი ურთულესი, ოთხეტაპიანი სახელმწიფო აპრობაციის გამოცდა ჩეხურ ენაზე ჩააბარა:
„პათოლოგია ძალიან მაინტერესებდა, ეს დისციპლინა ხიდია საბაზისო ბიოლოგიურ მეცნიერებებსა და კლინიკურ მედიცინას შორის. პათოლოგიაში ჩემი ინტერესის ორივე სფერო – კლინიკა და მეცნიერება ერთიანდება. თავდაუზოგავი შრომის შედეგად აპრობაციის გამოცდის ყველა ეტაპი გავიარე, რასაც რამდენიმე წელიწადში მოჰყვა კლინიკური ატესტაციის გამოცდის ჩაბარებაც.“
ახლა გვანცა ჩეხეთის რესპუბლიკის მორავიის რეგიონში ყველაზე დიდი, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტის ექიმი-პათოლოგია.
დეპარტამენტი ყოველწლიურად 30 ათასამდე ბიოფსიურ, ციტოლოგიურ და აუტოფსიურ მასალას იკვლევს ტრადიციული თუ უახლესი მოლეკულური მეთოდებით და აქვს დიდი სამეცნიერო მიღწევები.
„სიმსივნის პრობლემატიკაზე გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი, ვარ სამეცნიერო წიგნების თანაავტორი, რეიტინგული საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების მიწვეული რედაქტორი და ჟურნალების მიმომხილველი, წარმატებით დავასრულეთ რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელშიც როგორც სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა და გუნდის წევრმა, მივიღე მონაწილეობა.“ – ამბობს გვანცა.
საყვარელი საქმიანობა – სტუდენტებთან ურთიერთობა
ჩეხეთში აიხდინა მეორე ოცნებაც – ყოფილიყო მასწავლებელი. ასწავლის ჩეხური და უცხოური სექტორის სტუდენტებს პათოლოგიას, ჰისტოლოგიასა და ემბრიოლოგიას:
„ძალიან მიყვარს სტუდენტები. ჩვენი პროექტი წელს საუკეთესოდ გამოცხადდა და სამეცნიერო კონფერენციაზე პირველი ადგილი მოიპოვა.
პათოლოგია ძალიან სწრაფად განახლებადი და უახლესი ტექნოლოგიებით დატვირთული სფეროა. პათოლოგზეა დამოკიდებულია სწორი დიაგნოზი, მკურნალობის ტაქტიკისა თუ სხვადასხვა თერაპიულ მიდგომაზე პასუხის განსაზღვრა.
ამ სფეროში უამრავი გამოწვევებია, მაგრამ სამეცნიერო და კლინიკური მიღწევები ნამდვილად საამაყოა: მრავალი პროგრესირებადი დაავადების წინააღმდეგ იქმნება პერსონიზებული და დამიზნებითი თერაპიული მიდგომები.
იმედი მაქვს, რომ აუცილებლად შევძლებთ ბევრი უკურნებელი სენის, მათ შორის, კიბოს საბოლოოდ დამარცხებას.“
ქართული საქმე
პარალელურად ასწავლის საქართველოშიც დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ასოცირებული პროფესორის სტატუსით ხელმძღვანელობს ოთხ სტუდენტს.
დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, მალე გამოიცემა პირველი ქართულენოვანი წიგნი სიმსივნეების მოლეკულური პათოლოგია.
ეს არის სახელმძღვანელო ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტების, ექიმი-ონკოლოგების, ექიმი-პათოლოგებისა და სხვა სპეციალობის ექიმებისათვის.
უზომოდ მადლიერია დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის, რადგან სწორედ ამ უნივერსიტეტის საშუალებით ჩეხეთიდან აკეთებს ქართულ საქმეს:
„მაქვს უდიდესი ბედნიერება, ვიცნობდე დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის პრორექტორს, პროფესორ სერგო თაბაგარსა და დეკანს, ნია ბრეგვაძე-თაბაგარს, რომელთაც ქართული მედიცინის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ.
ისინი საქართველოში თუ საზღვარგარეთ გამართულ ყველა შეხვედრასა თუ კონფერენციაში მონაწილეობენ და მართლაც ,,ნემსის წვერით“ აგროვებენ საქართველოსა და ქართული მედიცინისათვის აუცილებელ ინფორმაციას, შესაძლებლობებს, ადამიანებს…
უზომოდ მადლობელი ვარ რექტორის, ბატონი ლევან ტვილდიანის, რადგან მომეცა საშუალება, ვიყო ამ უნივერსიტეტის ნაწილი. ჩვენი საერთო მიზანია, უნივერსიტეტი გახდეს სამედიცინო მეცნიერებების შედეგებით ისეთივე ცნობადი, როგორიც კლინიცისტების მომზადებაშია.“
ოჯახი – მთავარი მოტივაცია
თვლის, რომ ჩეხეთში წასვლამდე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – მეუღლე გიორგი მღებრიშვილია. საქართველოში დაოჯახდნენ.
„მეუღლესთან ერთად გავუმკლავდი მრავალ სირთულეს. ძალიან გამიმართლა. გიორგიმ მრავალი საპასუხისმგებლო საქმე იტვირთა, ის ჩემი მთავარი დასაყრდენი და, ზოგადად, ოჯახის, საქმისა და ქვეყნის ერთგული ადამიანია. რომ არა მეუღლის ასეთი თანადგომა, მხარდაჭერა, გამიჭირდებოდა კარიერაზე ფიქრიც კი,“ – ამბობს გვანცა.
ჩეხეთში ჩამოსვლიდან მალე უფროსი შვილი – გიორგი, 2013 წელს კი – ნატალია დაიბადა.
მზრუნველი და ყურადღებიანი დედაა. სამუშაო ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას ითხოვს, მით უფრო, როცა შენს სამუშაოზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული – არ გაქვს შეცდომის უფლება. გვანცა ამბობს, რომ ოჯახი აძლიერებს, აძლევს ენერგიას და მოტივაციას:
„ორივე გიორგი და ნატალია ჩემი მთავარი ძალა და მოტივაციაა“.
მადლიერია ადამიანების. არასოდეს გაუწყვეტია ემოციური კავშირები საქართველოსთან. ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ჩეხეთიდან აძლიერებენ საქართველოს.
ეხმარება ყველას, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდება…