საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი დაწესდა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ზემოთ ყოველ კილოგრამ ხორბლის ფქვილზე იმპორტიორმა 20 თეთრი უნდა გადაიხადოს, რაც ყოველ 1 ტონაზე 200 ლარი გამოდის.
ფქვილის იმპორტის გაფორმების გადასახადი ძალაში 12 ივნისს შედის და ის 1-ელ ნოემბრამდე იმოქმედებს.
შესაბამისი ცვლილება „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა.
მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადი ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების მოთხოვნის და მათი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.
როგორც ცნობილია ადგილობრივ ფერმერებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა ფქვილის შედარებით დაბალ ფასად იმპორტის გამო შეექმნათ. მათ მიერ მოყვანილი პროდუქცია არაკონკურენტულ პირობებში აღმოჩნდა, რის შედეგადაც, დიდი ოდენობით ხორბალი გაუყიდავი დარჩათ.
ამავე მიზეზით გაჩერდა წისქვილკომბინატების დიდი ნაწილიც. მათ მიერ ხორბლის გადამუშავება არარენტაბელური იყო, ამიტომ თავადაც იმპორტირებული ფქვილის დაფასოება და რეალიზაცია დაიწყეს.
საიმპორტო გადასახადის ამოქმედების პარალელურად, წისქვილკომბინატებს მთავრობა ფიქსირებულ ფასს უწესებს როგორც ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბლის შესყიდვაზე, ასევე, მიღებული ფქვილის რეალიზაციაზეც, რათა პური არ გაძვირდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირწმუნება, რომ დადგენილი განაკვეთების პირობებში, პურის ფასი არ გაიზრდება. იმავეს ამბობენ პურის საცხობებიც.
საქართველოში იმპორტირებული ფქვილი ძირითადად რუსეთიდან შემოდის.
გასულ წელს საქართველო რუსული ფქვილის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა იყო. წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 ათას ტონაზე მეტი ღირებულების ფქვილი შემოვიდა.