კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა კვლავ მკვეთრად იზრდება. 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, აბონენტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით, 70.6 ათასით გაიზარდა და 1.08 მილიონი შეადგინა, საიდანაც მომხმარებლების 95.2% ფიზიკური პირია.
ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა, 497 ათასი, მაგთიკომს ჰყავს, 308 ათასი – სილქნეტს, ხოლო ახალი ჯგუფის ქსელებს, ისევე როგორც სქაიტელს – 60 ათასი. 104 ათასი აბონენტი კი, სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიაზე ნაწილდება.
2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების პენეტრაცია (მომხმარებელთა რაოდენობა) 92.7%-ს შეადგენდა და სიმკვრივის ყველაზე დიდი მაჩვენებელი – 132% – თბილისშია დაფიქსირებული. შემდეგია
- აჭარა – 126%;
- სამცხე-ჯავახეთი – 95%;
- ქვემო ქართლი – 82%;,
- მცხეთა-მთიანეთი – 80%;
- შიდა ქართლის – 72%;
- კახეთი – 67%-ს;
- იმერეთი – 65%;
- სამეგრელო ზემო-სვანეთი – 61%;
- გურია – 55%;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20%.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. ხოლო, რაც შეეხება სოფლებს, ქვეყანაში არსებული 3385 სოფლიდან, 2510-შია ხელმისაწვდომი.
იმ სოფლებისთვის კი, სადაც არ არის ფიქსირებული ინტერნეტი, ამჟამად საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შემდეგ, ქვეყნის 1 000-მდე სოფელს და 500 000 მოქალაქეს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ინტერნეტითა და ციფრული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.