სამშაბათს, 10 ოქტომბერს, ფინეთმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში დაზიანდა სატელეკომუნიკაციო კაბელი და წყალქვეშა გაზსადენი, რომელიც ესტონეთთან აკავშირებს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ გაზსადენიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გამოწვეული იყო „გარე ზემოქმედებით“.
ფინური მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანება „შემთხვევითი არ ყოფილა” და თავდასხმის უკან რუსეთი დგას.
მთავრობის ინფორმაციით, გაზსადენის შეკეთებას შესაძლოა, თვეები დასჭირდეს და ამ ფონზე ბუნებრივი აირის ფასი ამ ზამთარში შეიძლება გაიზარდოს.
ფინეთში გაზის მიწოდება დამხმარე გემის მეშვეობით ხდება. ხოლო ესტონეთი ამჟამად აირს ლატვიიდან იღებს.
ფინეთმა და ესტონეთმა ამ ინციდენტის ერთობლივი გამოძიება დაიწყეს. ფინეთის მთავრობას დივერსიაზე აქვს ეჭვი.
მილსადენზე თავდასხმის შემდეგ ფინეთის პრეზიდენტი ესაუბრა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. საუბრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ალიანსი მზადაა მხარი დაუჭიროს მოკავშირეებს.
გაზსადენი Balticconnector ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წლის დეკემბერში. მისი სიგრძე 151 კმ-ია, საიდანაც 77 კმ წყალქვეშ ბალტიის ზღვაში გადის.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ფინეთმა უარი თქვა რუსულ გაზზე. ფინურმა ენერგოკომპანია Gasum-მა გამოაცხადა, რომ ის თავის მომხმარებლებს ბუნებრივ აირს Balticconnector-ის მილსადენით მიაწოდებდა.
2023 წლის აპრილში, დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული სათვალთვალო გემები სავარაუდოდ ემზადებოდნენ ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დივერსიისთვის ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ Balticconnector-ში წნევა დაეცა და ის დაზიანების გამო გაითიშა.