„თუ გინდათ გაიგოთ, როგორ აღწევს თავს სანქციებს, საქართველოში უნდა ჩახვიდეთ”, – ასე იწყებს თავის სიუჟეტს NBC News-ის ჟურნალისტი კირ ჰარდი ბრენან-სიმონსი, რომელიც ეთერში 24 თებერვალს გავიდა.
სიუჟეტში ნაჩვენებია, ძვირად ღირებული ამერიკული წარმოების ახალი ავტომობილები, რომლებიც ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით მოსკოვისკენ იგზავნება.
როგორც ჟურნალისტმა გაარკვია, ერთ-ერთი ასეთი ავტომობილი აბუ დაბიდან შეიძინეს ამერიკაში, ხოლო შემდეგ სანქცირებულ რუსულ კომპანიაზე გადაყიდეს. ჟურნალისტი ესაუბრა მძღოლებს, რომლებსაც სანქცირებული საქონელი მოსკოვში მიაქვთ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სანქცირებული ტვირთის საქართველოს გავლით მოძრაობას უარყოფს. უწყებამ ჟურნალისტის მოსაზრებას, რომ „საქართველოზე გადის პრეზიდენტ პუტინის მომარაგების ხაზი”, სიცრუე და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია უწოდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მკაცრად აკონტროლებენ საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრილ ტვირთებს. ხოლო ყველა შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.
ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ ტვირთი სანქცირებულად, რომ ჩაითვალოს, მსუბუქი ავტომობილის ღირებულება $50 000 (აშშ-ის სანქციების მიხედვით) ან მეტი და €50 000 და მეტი (ევროპის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით) უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად. ცნობისთვის, სიუჟეტში ნაჩვენები ავტომობილების ღირებულება ამ ზღვარს აღემატებოდა.
„რაც შეეხება, სიუჟეტში ნახსენებ ქსეროქსის პრინტერების მელანს – თუნდაც ისინი ყოფილიყო აშშ-დან ან ევროკავშირიდან, აღნიშნული საქონელი არ ხვდება არც ამერიკის, არც ევროპისა და არც სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების სანქცირებული საქონლის სიაში. შესაბამისად, მათი გადაადგილების შეზღუდვა ჩვენი მხრიდან ვერ განხორციელდებოდა”, – აღნიშნავს ფინანსთა სამინისტრო.
სიუჟეტში ნაჩვენებია ქვეშეთი-კობის გვირაბი, რომელსაც ჩინური კომპანია აშენებს. ჟურნალისტი აქცენტს აკეთებს რუსეთ-ჩინეთს შორის მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ გვირაბს შეუძლია ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობას შეუწყოს ხელი.
ფინანსთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გვირაბის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის(EBRD) მიერ ფინანსდება და პროექტი რამდენიმე წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომამდე დამტკიცდა.