ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ მომხმარებელთა საჩივრების მხოლოდ 28% დააკმაყოფილა – ამის შესახებ აღნიშნულია უწყების 2023 წლის ანგარიშში.
მთლიანად კი, 2023 წელის ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 2 872 საჩივარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წელს საბჭოში 2 796 განაცხადი დაფიქსირდა.
შესული 2 872 საჩივრიდან, საბჭომ გადაწყვეტილება 2 415 საქმეზე მიიღო. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 684 საჩივარი (28%), 1 438 მომჩივანს უარი ეთქვა (60%), ხოლო 293 საჩივარი (12%) განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო.
ანგარიშის მიხედვით, განხილული საჩივრებიდან უმეტესი ნაწილი წარმოდგენილი იყო შპს-ის და ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) მიერ.
საჩივრებში შპს-ების წილი იყო 63%; სს-ს წილი – 3%; ინდ. მეწარმე და ფიზიკური პირების – 33%.
სადავო თანხამ შეადგინა 1 055 მილიონი ლარი.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში დავების განხილვის საბჭოს 73 სხდომა გაიმართა.
ცნობისათვის, დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განმხილველ ორგანოს. სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.