აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის ბოლო ვადად 5 ივნისი დაასახელა.
მისი თმით, იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გაზრდის $31,4 ტრილიონის ვალის ზღვარს 5 ივნისამდე, ქვეყანა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება.
ადრე იელენი ვალის „ჭერის“ აწევის ბოლო ვადად 1-ელ ივნისს ასახელებდა, მაგრამ ახლა ის თეთრ სახლს და კონგრესს მოლაპარაკებებისთვის ცოტა მეტ დროს აძლევს.
„ხაზინას რესურსი არ ექნება მთავრობის ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად, თუ კონგრესი არ გაზრდის ვალის ლიმიტს 5 ივნისამდე“, – აღნიშნავს აშშ-ის სახაზინო მდივანი.
იელენმა თქვა, რომ მისმა დეპარტამენტმა საგანგებო ღონისძიებებს მიმართა, კერძოდ, აუცილებელი სოციალური ხარჯების დასაფარად, დაახლოებით $2 მილიარდის სახაზინო ფასიანი ქაღალდები გაყიდა იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს შესაძლო დეფოლტი. მისი თქმით, მსგავს ღონისძიებას ბოლოს 2015 წელს მიმართეს.
ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის ხაზინის რეზერვი 2 ივნისისთვის $30 მილიარდზე ცოტა მეტი იქნება და 9 ივნისისთვის მთლიანად ამოიწურება.
იელენისგან განსხვავებით, Goldman Sachs-ის ეკონომისტები ამერიკის სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობას ოპტიმისტურად აფასებენ და ვარაუდობენ, რომ ვალის საკითხი მალე გადაწყდება.