ფეხბურთში დიდი სუპერვარსკვლავი მოვიდა. ის ლამინ იამალია. მას ფეხბურთის სამყაროს ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ, მისი საოცარი ტექნიკის გამო.
ესპანეთის 16 წლის ფეხბურთელმა გუშინ, ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მისმა გოლმა ფაქტობრივად გადაწყვიტა მატჩის ბედი და ხელი შეუწყო ესპანეთის 2-1 ანგარიშით მოგებას.
იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი ევროპის ტურნირების ისტორიაში.
ვინ არის ლამინ იამალი?
იამალი 13 ივლისს 17 წლის გახდება. მისი სიმაღლე 1,78მ-ია და 68 კილოგრანს იწონის. პროფესიონალი ფეხბურთელისთვის საუკეთესო პროპორციული აღნაგობა აქვს. ფიზიკური მონაცემები სწრაფესთან ერთად, განაპირობებს მის უნარს, ადვილად აუაროს გვერდი რამდენიმე მცველს ვიწრო დერეფანშიც.
ის 2007 წელს კატალონიაში დაიბადა. მისი მამა მაროკოელია, დედა კი ეკვატორული გვინეიდან არის. მისი ნამდვილი გვარია ნასრაოუი ებანა. იამალი მისი შუა სახელია.
ის პირველი შვილი იყო ოჯახში. ჰყავს და და ძმა.
ფეხბურთის თამაში რომ დაიწყო, ჯერ 5 წლისაც არ იყო. მას მაშინვე მეტსახელად “პატარა მესი” შეარქვეს. ბავშვობიდან მესი მისი ფავორიტი ფეხბურთელი იყო.
სად და რა პოზიციაზე თამაშობს ლამინ იამალი?
იამალის საკლუბო გუნდი ბარსელონაა. ის შვიდი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ბარსელონაში გადავიდა, სადაც ის გუნდის ახალგაზრდულ აკადემიაში ჩაირიცხა. კლუბში ახასიათებენ, რომ ის თავმდაბალია და მორცხვი და ბარსაში ცნობილია თავისი ხუმრობებით.
იამალი როგორც ბარსელონას, ასევე ესპანეთის ნაკრებში მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. მას აქვს საოცარი უნარი შიგნიდან მოჭრას ბურთი თავის ფავორიტ მარცხენა ფეხზე და დაარტყას, რაც მოწინააღმდეგე გუნდის მცველების დაბნეულობას იწვევს.
თავისი ტექნიკით, ის თავიდანვე შეადარეს მის არგენტინელ კერპს. ასევე თამაშის სტილით ადარებენ ბარსას ვარსკვლავებს ანსუ ფატის და რივალდოს.
სპეციალისტების თქმით, ყველაზე გამორჩეული მის ფეხბურთში არის ის, რომ მას არ აქვს ეგოიზმი და იცის, რომ მთავარი მისი გუნდის გამარჯვებაა.
ბარსელონას მწვრთნელების შეფასებით, თინეიჯერი ფეხბურთელი იმავე გზაზე დგას, როგორც ლიონელ მესი – მას შეუძლია “ფეხბურთში ცვლილებების შეტანა”.
მას აქვს თანდაყოლილი ნიჭი და შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ, რაც ლოგიკას ცდება. მას აქვს ძალიან კარგი მარცხენა ფეხი და იღებს ბურთს ახლოს მარცხენა მხრიდან. ცენტრალური მცველი მარჯვენა მხარესაა და მას შეუძლია დაარტყას და ის ამას აკეთებს სწრაფად. ფეხბურთელმა ცენტრალური დაცვის ხაზიდან გაკეთებული 10 დარტყმიდან ლოგიკურად რვაჯერ შეიძლება ააცილოს. მაგრამ იამალს ისეთი ნიჭი აქვს, რომ 10-დან რვა-ცხრაჯერ კარგად გამოსდის.
რა ღირს იამალი?
transfermarkt-ის რეიტინგის მიხედვით, იამალის ფასი 7 ივნისისთვის 90 მილიონ ევროს შეადგენდა. ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ბარსელონაში, ესპანეთში მეორეა, ხოლო მსოფლიოში მე-19 პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს სხვა შეფასებებიც. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია CIES Football Observatory-ს შეფასებით, ესპანელი ვუნდერკინდის ღირებულება 145 მილიონ ევროს შეადგენს.