სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„სომხეთის მთავრობის პროგრამა ბირთვული შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს. სომხეთის არსებულ ატომურ ელექტროსადგურს აქვს ექსპლუატაციის ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება. ახლა აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე პარტნიორთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან, აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა მან.
ფაშინიანის თქმით, ამჟამად რამდენიმე მოდელის რეაქტორის ეკონომიკური სარგებლიანობის განხილვა მიმდინარეობს.
„მალე სომხეთის დელეგაცია გაემგზავრება შეერთებულ შტატებში, რათა ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა მოდელის რეაქტორების შესაძლებლობებს“, –– განაცხადა მან.
24 მაისს მარია ლონგიმ, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების სამთავრობო დახმარების პროგრამების კოორდინატორმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, განაცხადა, რომ აშშ განიხილავს სომხეთში მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების აშენების შესაძლებლობას.
2022 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ხელი მოაწერა მემორანდუმს Rosatom-თან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და ახლა პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მიმდინარეობს.
სომხური მხარე ახალი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებას 2036 წელს არსებული ელექტროსადგურის ექსპლუატაციის შეწყვეტის შემდეგ გეგმავს.
სომხეთის მოქმედი ატომური ელექტროსადგური ქვეყანაში ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სადგურზე მუშაობს მხოლოდ ერთი ბლოკი პირველი თაობის VVER-440 რეაქტორით.