წამლების ჩამონათვალს, რომელზეც ფასების ზედა ზღვარი, ე.წ. რეფერენტული ფასი მოქმედებს, დაახლოებით 500 მედიკამენტი დაემატა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე მოქმედებს.
სამინისტრო აცხადებს, რომ წლის ბოლომდე მედიკამენტების ჩამონათვალი 7000-მდე გაიზრდება.
ფასების ზედა ზღვარი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირების მიზნით დაწესდა და ფარმაცევტული კომპანიები ვალდებულები არიან, მედიკამენტებზე დადგენილი ფასებით იხელმძღვანელონ.
ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულების მიხედვით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს უწყების მიერ განსაზღვრულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. სამინისტრო აცხადებს, რომ უწყების აღნიშნული რეფორმის შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდა.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი15 თებერვლიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე ფასების ზედა ზღვარი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა. 18 მარტიდან ჩამონათვალს 300-ზე მეტი მედიკამენტი დაემატა. ამჯერად ჩამონათვალში 1600-ზე მეტი მედიკამენტი შედის.
რეფერენტული ფასის განსაზღვრა გულისხმობს, რომ სახელმწიფო აწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. რეფერენტული ფასი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით იანგარიშება.
ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან მალევე, სამინისტრომ კომპანიები წამლების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა და კონკურენციის სააგენტოს ბაზრის შესწავლა დაავალა. ფარმაცევტული სექტორი სამინისტროს ბრალდებას აპროტესტებს და ფასების ხელოვნურ ზრდას გამორიცხავს.