ჯანდაცვის მინისტრის – ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს „მანკიერი სისტემა”, სადაც წამლის მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, საცალოდ მოვაჭრე, კლინიკა და სადაზღვევო კომპანია ერთი ჰოლდინგის ქვეშ არის გაერთიანებული.
მინისტრის თქმით, ასეთ ჰოლდინგურ გაერთიანებებს „მსოფლიოში ანალოგი არ აქვს” და მათი არსებობის გამო ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი პრობლემა იქმნება.
მან ჰოლდინგების არსებობას დაუკავშირა ბაზარზე მედიკამენტების გაძვირებაც. აზარაშვილის თქმით, თებერვალში მოხდა ის, რისი მოლოდინიც სამინისტროს ჰქონდა – ფარმაცევტულ კომპანიებს შორის შეთანხმებული მოქმედების შედეგად, მედიკამენტების ფასი ხელოვნურად გაიზარდა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალში ასეთი ჰოლდინგური და მსხვილი კარტელური შეთანხმებები საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს და მოქალაქეებს. ამიტომ სამინისტრო ამუშავებს გეგმას, რომლითაც შეიზღუდება ჰოლდინგები და გამოირიცხება მათ შორის გარიგებების ალბათობა. მინისტრი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ სამოქმედო გეგმა წლის ბოლოს იქნება მზად.
„დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვფიქრობ, რომ სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე მზად გვექნება. გეგმაში მკაფიოდ იქნება გაწერილი თუ რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. კონტურები უკვე გამოკვეთილია, თუმცა, არ მინდა წინასწარ მოვლენებს გავუსწრო და ვთქვა რეალურად რა მოლოდინი მაქვს, რადგანაც ეს სენსიტიური თემაა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, 15 თებერვლიდან საქართველოში ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა რეფერენტული ფასი, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო აწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. რეფერენტული ფასი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით იანგარიშება.
მალევე, სამინისტრომ კომპანიები წამლების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა და კონკურენციის სააგენტოს ბაზრის შესწავლა დაავალა. ფარმაცევტული სექტორი სამინისტროს ბრალდებას აპროტესტებს და ფასების ხელოვნურ ზრდას გამორიცხავს.