ფარმაცევტულმა ბიზნესმა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მედიკამენტების ფასის ხელოვნურ ზრდას ეხებოდა, „უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული” უწოდა.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მიაჩნევს, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო პერიოდში გაჟღერებული განცხადებები სექტორსა და მომხმარებელს შორის აღვივებს კონფლიქტს, ზღუდავს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალებას და კომპანიების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ კონკურენციის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სექტორში კონკურენციის შეზღუდვის დადგენის მიზნით, შემდეგი განცხადებით მიმართა:
„ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გახშირებული უსაფუძვლო, ზედაპირული და ფაქტების დადგენის გარეშე გაჟღერებული ბრალდებები აღვივებს კონფლიქტს, ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებულ პირებსა და მომხმარებელს შორის. მარეგულირებლის მხრიდან სექტორი ამჩნევს ზეწოლას, რაც ნამდვილად არ უკავშირდება კანონის აღსრულებას, არამედ ზღუდავს ბიზნესისთვის ოპერირების საშუალებას და აქვე ეჭვს ბადებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მოსახლეობის ნეგატიური განწყობის შექმნა და ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული პირებისა და კომპანიების დისკრედიტაცია. გაურკვეველია, რას ემსახურება ფარმაცევტული ბაზრის მონაწილე პირების უფლებების განუწყვეტელი დარღვევა და მათი ღირსების შელახვა.
მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს, ხომ არ აქვს ადგილი მარეგულირებლის მხრიდან მიზანმიმართულად სექტორისთვის კონკურენციის შემზღუდველი პირობების შექმნას, რაც წინაპირობაა კომპანიებისთვის ბაზრის იძულებით დასატოვებლად“, – წერია ასოციაციის მიმართვაში.
რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიების მიმართ გამოთქმულ ძირითად ბრალდებას, ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურად გაზრდას, ასოციაცია განმარტავს, რომ:
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული პრეპარატების საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა და შესაბამისად, მათი დაფინანსება დაწყებულია 2020 წლის 15 სექტემბრიდან.
აღნიშნული თარიღიდან დღემდე ფასების ცვლილების სურათი შეგიძლიათ იხილოთ ამავე განცხადებაში, სადაც ნათლად ჩანს, რომ პრეპარატებზე ფასების კლება დაიწყო 2022-ის სექტემბრიდან და კლებამ პიკს მიაღწია ა.წ. თებერვალში. კლების მიზეზი იყო კომპანიების მარაგებში არსებული ნაშთების სწრაფი რეალიზაცია ვადის გასვლის თავიდან აცილების მიზნით. საყოველთაოს დაფინანსების პრინციპიდან და ბაზარზე კონკურენციის მაღალი დონიდან გამომდინარე 2022-ის სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ბევრი პრეპარატები იყიდებოდა არარეალურად დაბალ, პრაქტიკულად თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ეს ყველაფერი ხდებოდა წინა პერიოდში იმპორტირებული ნაშთის ხარჯზე.
2022 წლის დეკემბერში თურქეთში მოხდა 36,77%-იანი ფასების ზრდა მედიკამენტებზე. ნაშთების ამოწურვის შემდგომ ყველა კომპანიას მოუწია მარტში თურქეთიდან გაზრდილი ღირებულების პრეპარატების იმპორტი. შესაბამისად, თებერვალში მიღწეული არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება იყო შეუძლებელი და მოხდა შესაბამისი გადაფასება, მაგრამ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფასები არ გაზრდილა თავდაპირველ ნიშნულამდეც კი, რომელშიც ფინანსდებოდა ეს მედიკამენტები 09.2020-09.2022 პერიოდში. ასევე მაგალითისთვის, ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ედავებიან ფასის გაძვირებას, განცხადებაში აღნიშნული მედიკამენტი 2023 წლის იანვარ-მარტში საერთოდ არ ჰქონია, მეტიც, ვადის გასვლის მიზეზით მოუწია 15 852 ლარის ღირებულების მედიკამენტის განადგურება, რაც პირდაპირ კომპანიის ზარალია. ეს არის ფაქტები და ყველა დამადასტურებელი საბუთები კომპანიებს თავად აქვთ. ამრიგად, თქმა იმისა, რომ ონკოლოგიურ პრეპარატებზე ფასებმა 4-ჯერ აიწია, რბილად რომ ვთქვათ, არის მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა. ფასები დარჩა თავდაპირველ დიაპაზონში”, – წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.
.