ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. ის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, უცხოეთის მოქალაქე საქართველოში სუროგატ დედას მომსახურებას ვეღარ შეუკვეთს.
„უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება, ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება.
ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ. უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, შვედეთში, ფინეთში, იტალიაში, ლიტვაში, ესტონეთში სუროგაცია სრულად არის აკრძალული, ხოლო ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში სუროგაცია ნაწილობრივ არის დაშვებული.