“ოცნების” ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მთავრობა პირველადი ჯანდაცვის რეფორმას იწყებს. ამის შესახებ მან დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიგეგმა, მოხდება:
- მოქალაქეებისთვის უფასო გამოკვლევების სპექტრის დამატება, რაც “ადრეულ სტადიაზე დაავადებების გამოვლენის და პაციენტების უფრო სწორი დაკვალიანების” საშუალებას გააჩენს. გათვალისწინებულია ანაზღაურების ზრდა დაწესებულებებისთვის, ექიმებისთვის და ექთნებისთვის.
- ექიმები ანაზღაურებას მიიღებენ შეფასების შესაბამისად; მათი შეფასება კონკრეტული კრიტერიუმებით მოხდება.
“რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების მოდელების ცვლილებას და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის დანერგვას, რომლითაც ყველა კონკრეტულ დაწესებულებას თავისი სამიზნე მაჩვენებლები ექნება”,- განმარტავს სარჯველაძე.
მისივე განმარტებით, “ორიენტირებულ დაფინანსება” გულისხმობს, რომ სამედიცინო საქმიანობა შეფასებადი იქნება, რაც კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებს დაფინანსების გაზრდის საშუალებას მისცემს.
სარჯველაძის თქმით, ცვლილებები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.
ხოლო 2028 წლიდან პროგრამაში სოფლის ექიმების და ამბულატორიების ჩართვა იგეგმება.
“ოცნების” მინისტრის განმარტებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინვესტირებას მოითხოვს, რაც შემდეგ “ჯანდაცვის სექტორს დაახლოებით, 160 მილიონი ლარის შეღავათს მისცემს”.
“ჩნდება შესაძლებლობა, რომ ძალიან ბევრი მძიმე დაავადება ან მისი გართულებული ფორმები იქნეს თავიდან არიდებული, რაც პირდაპირპროპორციულად შეკვეცავს დანახარჯებს, რომელიც ჯანდაცვაზე ხორციელდება“, – თქვა სარჯველაძემ.
6 დაწესებულება სადაც რეფორმა პირველად განხორციელდება უკვე შერჩეულია. სარჯველაძეს სამედიცინო დაწესებულებები არ დაუსახელებია, თუმცა, თქვა, რომ მათ შორის არიან კერძო და საჯარო დაწესებულებებიც.