პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომლითაც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
მოქმედი კანონით, უნებართვო გარე ვაჭრობისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეკისრება ჯარიმა 20-დან 50 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ხოლო შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე იზრდება ან ხდება მისი ადმინისტრაციული წესით პატიმრობა 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, არსებულ ნორმას ემატება სანქციები აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის და ასევე, აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის.
უფრო კონკრეტულად, კანონის პროექტის თანახმად, უნებართვოდ გარე ვაჭრობის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური ან იურიდიული პირი დაჯარიმდება 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ჯარიმა 1 000 ლარამდე გაიზრდება, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.