საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2021 წელთან შედარებით, 3.4%-ით შემცირდა და 17.3% შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის დონე ქალაქებში უფრო მეტად არის შემცირებული. 2022 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 3.9%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5-ით.
წინა წელთან შედარებით, 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად, 6.2%, 5.3% და 5.2%-ით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, უმუშევრობა ქალებში შემცირებულია 3.2%-ით, ხოლო კაცებში – 3.5%-ით.
2022 წელს უმუშევრობის დონე ქალებში 14,6% იყო, ხოლო კაცებში 19,3% შეადგინა.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად, 2.1% და 3.1%-ით.
უმუშევრობა ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4%), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად, 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (3.6%). ამას ძირითადად შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი განაპირობებს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე
გასულ წელს უმნიშვნელოდ – 1%-ით გაიზარდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით და 51.9% შეადგინა.
დასაქმების დონე 2.5%-ით გაიზარდა და 42.9% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.1%-ით არის შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4%-ით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია, ვიდრე კაცებში. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.5%-ს, ხოლო კაცებში 64%-ს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1%-ით არის გაზრდილი, ხოლო კაცებში – 1.1% -ით.