უკრაინის შავი ზღვის „სამხრეთის“ პორტიდან, რომელიც ოდესიდან აღმოსავლეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს, ომის შედეგად გაჩერებული კიდევ ორი გემი გავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადამზიდავებმა Anna-Theresa (ლიბერიის დროშა) და Ocean Courtesy (მარშალის კუნძულები) დატოვეს „სამხრეთის“ პორტი და დროებითი დერეფნის გასწვრივ, ბოსფორის მიმართულებით გადაადგილდებიან.
გემების ბორტზე 56 000 ტონა რკინისა და 172 000 ტონა რკინის მადნის კონცენტრატია.
ორივე გემს მართავს სინგაპურის გადამზიდავი კომპანია. ისინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე „სამხრეთის“ პორტში იმყოფებოდნენ და შემდეგ ბლოკადაში აღმოჩნდნენ.
უკრაინის საზღვაო ძალების სანავიგაციო ბრძანებით შექმნილი დერეფანი ძირითადად გამოიყენება გემების ევაკუაციისთვის, რომლებიც რუსეთის შეჭრის დროს უკრაინის პორტებში იმყოფებოდნენ. 15 აგვისტოდან დროებითი დერეფნით უკვე 4-მა გემმა ისარგებლა.