აშშ-ის სენატში აცხადებენ, რომ უკრაინის დაფინანსების საკითხი მიმდინარე კვირაში გაირკვევა.
რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლანკფორდმა თქვა, რომ შეთანხმების ტექსტი საზღვრისა და იმიგრაციის საკითხებზე, რომელიც უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს, შესაძლოა, ამ კვირაში გამოქვეყნდეს.
სენატორის განცხადებას Politico აქვეყნებს.
დახმარების პაკეტი უკრაინისთვის ათობით მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
„იმედია, ტექსტი მზად იქნება ამ კვირაში, რათა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ყველას ექნება დრო წაიკითხოს და შეისწავლოს. ეს პროცესი არავისთვის იქნება ჩაკეტილი”, – თქვა ლანკფორდმა.
მისი თქმით, ყველას აქვს იმედი, რომ ეს შეთანხმება შედგება.
ლენკფორდმა დასძინა, რომ თუ დოკუმენტს სენატი უახლოეს მომავალში მიიღებს, ის შეიძლება, გადაეგზავნოს წარმომადგენელთა პალატას, რომელიც მის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.
უკრაინაში იმედი აქვთ, რომ დაფინანსების საკითხი მათთვის დადებითად გადაწყდება.
„ახლა ჩვენ უკვე ველოდებით სასიხარულო ამბებს. დიდი ალბათობით, ამ კვირაში სენატში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონის ტექსტი იქნება წარმოდგენილი. მოცულობა ალბათ იგივე დარჩება, როგორც თეთრი სახლი ითხოვდა (ანუ 60+ მილიარდი დოლარი უკრაინისთვის)“, – აღნიშნა უკრაინის რადას საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იაროსლავ ჟელეზნიაკმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოქტომბერში სთხოვა კონგრესს, დაემტკიცებინა დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის $60 მილიარდზე მეტის გამოყოფას ითავლისწინებს. მაგრამ დოკუმენტი არ დაამტკიცეს, სენატში მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ორპარტიული უთანხმოების გამო.
2023 წლის 27 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $250 მილიონის ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.
ნონა ქვლივიძე