პოლონეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის შემდეგ უკრაინიდან აგრარული პროდუქტების იმპორტის შეჩერებას ბულგარეთიც გეგმავს. ამის შესახებ, ბულგარეთის ტელევიზიით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იავორ გეჩევმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, მარცვლეულის მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს გაეგზავნა მოთხოვნა უკრაინული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის დროებით, ცალმხრივად შეჩერების შესახებ.
გადაწყვეტილება ბულგარეთის მთავრობამ დღეს უნდა მიიღოს.
„ბულგარელი ფერმერები ამბობენ, რომ არ უნდათ სუბსიდიები, მათ უნდათ საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზარი. უკრაინისგან იქმნება უსამართლო კონკურენცია“, – განაცხადა მინისტრმა გეჩევმა.
მისი თქმით, ვითარების გაუმჯობესების შემდეგ უკრაინიდან იმპორტის აკრძალვა შესაძლოა, გადაიხედოს ან შეიცვალოს.
ბოლო დღეებში პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა აკრძალეს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი. ანალოგიური მოწოდებები ისმის რუმინეთშიც.
ვარშავამ უკრაინიდან იმპორტიც აკრძალა და ტრანზიტიც. რამდენიმე დღეში, უკრაინულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პოლონეთმა ტრანზიტი აღადგინა.