მოლდოვას ფერმერთა ასოციაციამ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, შეზღუდოს მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების იმპორტი უკრაინიდან.
ასოციაციამ ქვეყნის მთავრობა ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქტების სარეალიზაციო ფასების ვარდნაში დაადანაშაულა. მოლდოვას მთავრობა შეზღუდვების შემოღებას ჯერჯერობით არ გეგმავს.
ფერმერთა ასოციაცია Forța Fermierilor-მა განაცხადა, რომ პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ აკრძალვების დაწესება გამოიწვევს იმპორტის ზრდას სხვა ქვეყნებში, მათ შორის, მოლდოვაში.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ მარცვლეულისა და ზეთის კულტურების ფასების ვარდნამ ათასობით მცირე და საშუალო ფერმერი გაკოტრების ზღვრამდე მიიყვანა, რომლებიც ისედაც დაზარალდნენ შარშანდელი გვალვისგან.
ფერმერები მოუწოდებენ მოლდოვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შეუერთდეს მოლაპარაკებებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ევროკომისიას შორის და მოითხოვოს კომპენსაციის გამოყოფა ან დროებით შეზღუდოს იმპორტი.
მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინიდან იმპორტის შეწყვეტას არ აპირებენ. რაც შეეხება ევროკავშირის კომპენსაციას, მოლდოვა მას ვერ მოითხოვს, რადგან ქვეყანა ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი.
მოლდოვას სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნავს, რომ განიხილავენ ევროკავშირის ქვეყნებიდან ფერმერების ფინანსური დახმარების პროგრამების ამოქმედებას.
როგორც ცნობილია, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა აკრძალეს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი, რუმინეთში კი ამის შესახებ მოწოდებები ისმის.
ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ხუთ ქვეყანას ფერმერების მხარდასაჭერად €100 მილიონს გამოუყოფს.