ოფიციალურმა კიევმა პოლონეთს და ევროკავშირს პროტესტი გამოუცხადა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვის დაწესების გამო. მისი განცხადებით, ეს ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმებას.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ საპროტესტო ნოტები გადაეცა პოლონეთის საელჩოს, ასევე უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული მარცვლეულის დაბლოკვის საკითხი ევროსაბჭოს პრეზიდენტთან განიხილა.
„ასეთი შეზღუდვები, რა მიზეზებითაც არ უნდა იყოს გამართლებული, არ შეესაბამება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპებსა და ნორმებს.
არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის დაუყოვნებლივ აღდგენისთვის პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში“, – განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.
პარასკევს, 28 აპრილს, ევროკომისია შეთანხმდა ბულგარეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, რუმინეთთან და სლოვაკეთთან, 4 სახეობის უკრაინული აგროსასურსათო პროდუქტის – ხორბალი, სიმინდი, რაფსი, მზესუმზირა (სიაში არ შედის მზესუმზირას ზეთი) ამ ქვეყნებში იმპორტის შეზღუდვის თაობაზე.
ამავდროულად, უკრაინა შეინარჩუნებს თავისი აგრარული პროდუქციის ტრანზიტს ევროპის გავლით აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ასევე, ევროკავშირი ამ 5 ქვეყანას, დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად, გამოუყოფს €100 მილიონის ფინანსურ პაკეტს.
უკრაინის მოსაზღვრე 5 ქვეყნის ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია იაფფასიანი უკრაინული პროდუქციის შედინებამ, რომელზეც ევროკავშირს გადასახადები ჰქონდა მოხსნილი.
ადგილობრივი ფერმერები უკრაინულ იმპორტს კონკურენციას ვეღარ უწევდნენ, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა.