უკრაინაში გამოააშკარავეს ქოლცენტრების თაღლითური ქსელი, რომლის წევრებმა ჩეხეთის მოქალაქეებს $3 მილიონზე მეტი გამოსძალეს.
ჩეხმა სამართალდამცავებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად დააკავეს ექვსი ბელორუსი და ერთი ჩეხი, რომლებმაც ფართომასშტაბიანი თაღლითური სქემა შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.
თაღლითური ქსელის წევრები დაზარალებულებს ბანკის თანამშრომლებად ეცნობოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათი საბანკო ანგარიში გატეხილი იყო და თანხა სხვა, უსაფრთხო ანგარიშზე უნდა გადაეტანათ.
დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებს შეეძლოთ ტელეფონის ნომრის შეცვლა, ვიშინგი, ანუ იმიტირებდნენ ტელეფონის ნებისმიერ ნომერს, რაც სჭირდებოდათ. ამგვარად, დაზარალებულებს ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ურეკავდნენ ბანკიდან, პოლიციიდან და ა.შ.
ქოლცენტრების თანამშრომლებს დიდი სიფრთხილით არჩევდნენ. სავალდებულო პირობა იყო უცხო ენების ფლობა.
ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 300 მსხვერპლი. ყველა მათგანი ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
სამართალდამცავებმა 30-ზე მეტი ჩხრეკა ჩაატარეს დნიპროში და მიმდებარე რეგიონებში, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, დოკუმენტაცია, საბანკო ბარათები და ნაღდი ფული.