უკრაინა აცხადებს, რომ მოლდოვიდან იმპორტის შეჩერების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და შესაბამის განკარგულებას მთავრობა უკვე ამზადებს.
მოლდავეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება კიშინიოვის ქმედების საპასუხოდ მიიღეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაინული მარცვლეულის შეტანა შეაჩერა.
„ჩვენ ვაცნობეთ კიშინიოვს, რომ მოლდოვის მხრიდან ნებისმიერი შეზღუდვა განიხილება უკიდურესად არამეგობრულ ნაბიჯად და გამოიწვევს მოლდოვიდან ყველა იმპორტის დაუყოვნებლივ აკრძალვას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მოლდოვა შეუერთდა ევროპის ხუთ ქვეყანას, რომლებმაც უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირას თესლისა და რაფსის იმპორტი დროებით შეაჩერეს. ამავდროულად, ქვეყანამ პირობა დადო, რომ არ დაბლოკავს საქონლის ტრანზიტს.
აკრძალვის მიზეზად მოლდოვამ საწყობებში მარცვლეულის დიდი მარაგები დაასახელა, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ფერმერებს იაფ უკრაინულ პროდუქტთან კონკურენციის გამო გაუჭირდათ.