ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები ქვეყანაში საშუალოდ 5.5 ღამით რჩებიან. ასეთი იყო 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებელი.
საქსტატის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 8.6%-ით ნაკლებია 2023 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6%).
შემცირებულია ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯიც. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 1.6%-ით შემცირდა ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი და 1 869.1 ლარს შეადგენს.
სულ 2024 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 6.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტს ვიზიტორები განთავსებაზე ხარჯავენ. შემდეგი ადგილი ხარჯებში საკვებს და სასმელს უკავია.
2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია, რაც 9.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 81.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.5% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა
თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 14.5%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი),
რუსეთის ფედერაციის (215.5 ათასი) და სომხეთის (191.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
არარეზიდენტი ვიზიტორების განაწილება ქვეყნების მიხედვით: