ევროპაში ფერმერების მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. აქციები საფრანგეთში დაიწყო და გავრცელდა გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთსა და ნიდერლანდებში. ევროპის ქალაქები ტრაქტორების კოლონებით გაივსო.
ფერმერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სასოფლო-სამეურნეო შეზღუდვებისა და არასამართლიანი კონკურენციის გამო.
ფერმერების აქცია რომში
150-ზე მეტი ტრაქტორისტი ორტეს მახლობლად, რომის ჩრდილოეთით შეიკრიბა. ფერმერები, რომლებიც ანაზღაურების გაზრდას და უკეთეს პირობებს ითხოვენ, იტალიის დედაქალაქში ჩავიდნენ.
რომისკენ იტალიელი ტრაქტორების კოლონა მას შემდეგ დაიძრა, რაც ევროპის არაერთ ქალაქში ფერმერთა დემონსტრაციებმა იფეთქა.
„არ გვინდა ვიყოთ მონები საკუთარ კომპანიებში“, -განაცხადა ერთ-ერთმა იტალიელმა მომიტინგემ.
ტრაქტორები ფრანკფურტის აეროპორტთან
ფრანკფურტის აეროპორტთან 600-მდე ტრაქტორმა მოიყარა თავი.
გერმანელმა ფერმერებმა აქციის გასამართად ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ.
პროტესტი არა მარტო დიზელის საწვავის გაძვირებას, არამედ სამართლიან კონკურენციას ეხებოდა.
ცნობისთვის, ბუნდესტაგმა 2 თებერვალს კენჭი უყარა 2024 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობისთვის სუბსიდიების გაუქმებას, რასაც ფერმერები ეწინააღმდეგებოდნენ.
„წაბლის და ვაშლის აქცია”
შაბათს, 3 თებერვალს დაახლოებით 2,000 ბერძენი ფერმერი გამოვიდა თესალონიკის ქუჩებში, დახმარების გაზრდის მოთხოვნით. ბერძენმა ფერმერებმა აგრარული ბაზრის წინ ტროტუარზე წაბლი და ვაშლი დაყარეს.
ისინი უკმაყოფილებას ინფლაციის, საგარეო კონკურენციის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ხარჯების სიმცირის გამო გამოთქვამენ.
ბერძენი ფერმერები მთავრობას უფრო დიდი აქციების გამართვით დაემუქრნენ.
„ჩვენ დავკარგეთ შემოსავალი (ევროკავშირის) საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გამო. თუ მთავრობას სურს, საბერძნეთში დავრჩეთ და ემიგრაციაში არ წავიდეთ, ჩვენი პრობლემები უნდა მოაგვაროს“, – განაცხადა საბერძნეთის ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელმა.
ესპანეთში ფერმერთა სამმა მთავარმა გაერთიანებამ უახლოეს კვირებში არაერთი საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა. 13 თებერვალს ბარსელონაში დიდი დემონსტრაცია იგეგმება.
რუმინელმა ფერმერებმა და გადამზიდავებმა საპროტესტო აქციები მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ შეაჩერეს.
ფრანგმა ფერმერებმა ახალი პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის მთავრობისგან დათმობას მიაღწიეს. მთავრობამ შეაჩერა პესტიციდების გამოყენების შემცირების გეგმა და ფერმერებს €400 მილიონის დახმარების პაკეტი შესთავაზა.
ევროკავშირი ცდილობს ფერმერების პრობლემა ევროპარლამენტის არჩევნებამდე მოაგვაროს.
ევროკომისია ფერმერებს დაჰპირდა, რომ დაიცავს მათ „ლეგიტიმურ ინტერესებს“.