დონალდ ტრამპმა გუშინ, 12 ნოემბერს გამოაცხადა, რომ Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი და ბიოტექნოლოგიური ინჟინერი, მილიონერი ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი მის ადმინისტრაციაში ახალ “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს” უხელმძღვანელებენ, ანუ DOGE-ს.
ახალი დეპარტამენტი იმუშავებს სახელმწიფო ბიუროკრატიის და “ზედმეტი რეგულაციების” შემცირებაზე.
რამასვამი 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავდა, თუმცა იანვარში გამოაცხადა, რომ უარს ამბობს ტრამპის სასარგებლოდ.
„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გაუხსნის გზას ჩემს ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დასაშლელად, ჭარბი რეგულაციების და უსარგებლო ხარჯების შესამცირებლად და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისთვის, რათა გადავარჩინოთ ამერიკა“, – თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ DOGE-ის მუშაობა “დასრულდება არაუგვიანეს 2026 წლის 4 ივლისისა”.
„ჩვენ განვდევნით უზარმაზარ ბიუროკრატიას და თაღლითობას, რომელიც ყოველწლიურად 6,5 ტრილიონი დოლარის სამთავრობო ხარჯებს ქმნის. ისინი ერთად იმუშავებენ ჩვენი ეკონომიკის გასათავისუფლებლად და იმისთვის, რომ აშშ-ს მთავრობა „ჩვენ ხალხის“ წინაშე ანგარიშვალდებული გახადონ“, – განაცხადა ტრამპმა.