აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ფლორიდიდან ნიუ-იორკში ჩავა, რათა სამშაბათს სასამართლოში გამოცხადდეს.
სასამართლო ყოფილ პირველ პირს 2016 წლის არჩევნების წინ ამერიკელი პორნოვარსკვლავისთვის მასთან რომანის შესახებ გაჩუმების სანაცვლოდ გადახდილი $130 000-ის ქრთამისთვის ედავება. ტრამპი ამ რომანს უარყოფს.
მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ტრამპი თითის ანაბეჭდებს ჩააბარებს და ფოტოებს გადაიღებენ.
რესპუბლიკელი ბიზნესმენი ორშაბათს, შუადღისას გეგმავს ფლორიდის მამულიდან ნიუ-იორკში გამგზავრებას და ღამის გათევას მანჰეტენის ტრამპ თაუერში. სამშაბათს დილით კი სასამართლოს შენობაში მივა.
სასამართლო პროცესი სამშაბათს, ამერიკის დროით 14:15 საათზეა დაგეგმილი.
ნიუ-იორკის პოლიციამ წინასწარ აღმართა ბარიერები ტრამპ თაუერისა და მანჰეტენის სასამართლოს შენობის გარშემო, სადაც დემონსტრაციებია მოსალოდნელი.
სასამართლო პროცესის წინ, უსაფრთხოების ზომების გამო, სასამართლოს სხვა დარბაზები დაიხურება.
ტრამპის ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს გაათავისუფლებენ.
76 წლის ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა. მას 2024 წლისთვის თანამდებობის დაბრუნების სურვილი აქვს.