თავდაცვის ახალ კოდექსში შესაბამისი მუხლი უცვლელად გადავა. სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიწვევენ, თუ მას ამის სურვილი ექნება. ამ შემთხვევაში სტუდენტს რამდენიმე არჩევანი ექნება.
როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტრომ 1-ელ მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტუდენტის სტატუსი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისგან ავტომატურად ვეღარ დაიხსნიდა. თუმცა, თავდაცვის უწყებამ კანონში ცვლილებების შეტანა მოულოდნელად, საპარლამენტო განხილვების დაწყების წინ, გადაიფიქრა.
სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება თუ:
-
სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვით 4 წლის განმავლობაში.
-
ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში. სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მათ მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერმიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;
-
ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში, წელიწადში 45 დღე. სამი წლის ამოწურვის შემდგომ მათ წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
ახალი კოდექსით, მნიშვნელოვნად მცირდება არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა. ასევე:
-
ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში
-
ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს
-
ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და NATO-ს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო.
ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები, კერძოდ, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სამხედროები მიიღებენ უკეთეს სოციალურ გარანტიებს: თავდაცვის სამინისტრო სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობას;
აგრეთვე, თავდაცვის უწყება იღებს ვალდებულებას, სამხედროები უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით.