სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ აღკვეთა ხელისუფლების შეიარაღებული გადატრიალება. ამის შესახებ News.am, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობდნენ სომხეთის ხუთი მოქალაქე, მთიანი ყარაბაღის ორი ყოფილი მცხოვრები და პირები, რომელთა ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.
გამომძიებლების თქმით, აღნიშნული პირები 2024 წელს დაიქირავეს, რომლებსაც თვეში 220 ათასი რუბლის გადახდას დაჰპირდნენ. დაქირავებულებმა რუსეთში სამთვიანი წვრთნა გაიარეს. შემდეგ ისინი გაგზავნეს დონის როსტოვში, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარდათ, მათ შორის სიცრუის დეტექტორის გამოყენებით, მათი პოლიტიკური შეხედულებების გასარკვევად. ამის შემდეგ ისინი სამხედრო ბაზა „არბატზე“ გადაიყვანეს, სადაც საბრძოლო მომზადებას გადიოდნენ.
„მათ უთხრეს, რომ სწავლების მიზანი იყო სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნება და მოქმედი ხელისუფლების დამხობა“, – ნათქვამია განცხადებაში. დაქირავებულთა ნაწილმა უარი თქვა ოპერაციაში მონაწილეობაზე და დაბრუნდა სომხეთში, ხოლო სხვა ეჭვმიტანილებმა ოპერაციის წარმატებით დასრულება ვერ მოახერხეს.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებულია სამი პირი, კიდევ ოთხ პირზე ძებნა გამოცხადდა.