ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი სი ძინპინი ამბობს, რომ ევროკავშირი და ჩინეთი უნდა გაერთიანდნენ „ცალმხრივი ბულინგის“ წინააღმდეგ, რადგან დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფები ეკონომიკას აზიანებს.
პეკინში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ სანჩესთან შეხვედრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ სატარიფო ომში გამარჯვებული არავინ იქნება და მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს იზოლაციას.
მისი თქმით, როგორც არ უნდა შეიცვალოს საგარეო სიტუაცია, ჩინეთი იქნება თავდაჯერებული, მშვიდი და ფოკუსირებული იქნება თავისი საქმის კარგად შესრულებაზე.
მისი თქმით, ჩინეთი და ევროკავშირი მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს წარმოადგენენ და თავისუფალი ვაჭრობის მტკიცე მხარდამჭერები არიან, ხოლო მათი ერთობლივი წარმოების მოცულობა მსოფლიოს მთლიანი წარმოების მესამედზე მეტს შეადგენს.
სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთმა და ევროპამ უნდა შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, დაიცვან საერთაშორისო სავაჭრო გარემო და “ერთობლივად დაუპირისპირდნენ ცალმხრივ ბულინგს”.
სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის ღიად უჭერს მხარს ევროკავშირის ერთიანობას, განვითარებას და ზრდას.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთს საბაჟო ტარიფები 145%-მდე გაუზარდა. ამავდროულად, 10 აპრილს გამოაცხადა, რომ სხვა სავაჭრო პარტნიორებს კი გაზრდილი ტარიფები 90 დღით გადაუვადა.