სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტიდან ათასობით მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა.
საუბარია პირადობის მოწმობის ასლებზე, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.
გაჟონილი მონაცემები 19 მარტს წაიშალა იმ პლატფორმაზე, სადაც ისინი თავდაპირველად აიტვირთა.
სილქნეტში მომხმარებლების ინფორმაციის გაჟონვას ადასტურებენ. დღეს, 20 მარტს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აზუსტებს, რომ ადგილი ჰქონდა მომხმარებელთა მცირე ჯგუფის (სავარაუდოდ 2000-მდე) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტს. ხოლო „აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება არ მომხდარა”.
18 მარტს პირადი ინფორმაციის გაჟონვის ფაქტის შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა – უწყებას გამოძიების მოთხოვნით ფიზიკურმა პირმა მიმართა.
ამჟამად სამსახური არკვევს, რამდენად დაცული იყო პერსონალური მონაცემების დაცვის უსაფრთხოების ზომები სილქნეტში და შეასრულა თუ არა კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება.
სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტი მილიონზე მეტ მომხმარებელი ჰყავს.
როგორც „რადიო თავისუფლება” მიუთითებს, კომპანია მისი აბონენტის შესახებ ფლობს შემდეგი სახის ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. ასევე შეუძლია გადაამოწმოს კლიენტის გადამხდელუნარიანობა/კრედიტუნარიანობა და გაიგოს ინფორმაცია საკრედიტო/სადებეტო ბარათისა ან/და საბანკო ანგარიშის შესახებ.