“სილქი” ტაქსის და საკურიერო მომსახურების კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ აცხადებს. ესენი არიან საკურიერო მომსახურების კომპანიები “გლოვო” და “ვოლტი”, ხოლო ტაქსების კომპანიებიდან “ბოლტი” და “იანდექსი”.
რას ითვალისწინებს კომპანიების თანამშრომლობა?
თანამშრომლობის პირობების თანახმად, „გლოვოს” და „ვოლტის” კურიერი ან პარტნიორი ტაქსის მძღოლს “სილქში” სასესხო განაცხადთან ერთად, შეუძლია, შემოსავლების დასადასტურების მიზნით, დამსაქმებელი კომპანიის აპლიკაციის სქრინები წარადგინოს. როგორც ცნობილია, ბანკი სესხის გაცემამდე განაცხადის ავტორისგან 3 თვიანი პერიოდის ყოველდღიურ ამონაწერს ითხოვს.
„სილქი” ყოფილი „სილქბანკია”, რომელმაც რებრენდინგის შემდეგ სახელწოდება შეიკვეცა და ლოგოც შეიცვალა.
რებრენდინგის შემდეგ “სილქმა” პროდუქტების კალათას ავტოლომბარდი და ავტოსესხიც დაამატა, რომელთა წლიური განაკვეთი 25%-დან იწყება. ავტოსესხზე ბანკი 30%-იან თანამონაწილეობას ითხოვს.
ბანკში პროცესების ოპტომიზაცია, რაც ციფრულ ინტეგრაციას გულისხმობს, 1 წელზე მეტია მიმდინარეობს.
„სილქის” საშუალოვადიანი პერიოდის (3 წელი) ამოცანა MAU-ს (ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა) 300 000-მდე გაზრდაა.
ბანკის მენეჯმენტის თქმით, ახალი დიგიტალ პროდუქტები წლის ბოლომდე გამოჩნდება.
ბოლო სიახლე ბანკმა ბაზარზე შარშან გამოიტანა, სადეპოზიტო სერტიფიკატის სახით, რომლითაც ფინანსური რესურსი(50 მლნ ლარი) იუსტიციის სამინისტროს სსიპ-განაც (აღსრულების ეროვნული ბიურო) აქვს მოზიდული.
8 თვის მონაცემებით, ბანკის მომგებიანობის კოეფიციენტები (წლიური) კვლავ უარყოფითია. ROE (კაპიტალზე უკუგება) -16%-ია; ROA (უკუგება აქტივებზე) -5%.
6 წელია „სილქი” ზარალზეა, რასაც მენეჯმენტი აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკის (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს. ამასთან გაზრდილია ბანკის ინვესტიციები ციფრული არხების განვითარებისთვის.
თუ ბანკი მომავალ წლებშიც ვერ შეძლებს მოგების გენერირებას, არის რისკი, რომ საზედამხედველო კაპიტალი სებ-ის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ჩამოსცდეს.
ზარალის განმეორების შემთხვევაში, ემიტენტი იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დამატებითი კაპიტალი მოიზიდოს.
ცნობისთვის, სებ-ის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას მოსდევს სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებები, მათ შორის უკიდურეს შემთხვევაში საბანკო ლიცენზიის შეჩერებაც კი.