ეროვნული ბანკი ქვეყანაში დამატებით ინფლაციურ რისკებს ხედავს.
კერძოდ, სებ-ი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების განმავლობაში შედარებით დაჩქარდა სესხების ზრდის ტემპიც, რაც ძირითადად ბიზნესსესხების ხარჯზე მოხდა. ბიზნესსესხების მოცულობამ უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში მოიმატა.
სებ-ის პროგნოზით, საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს გამოიწვევს.
აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას და აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. ამასთან, ეცდება, რომ დაკრედიტების ზომიერი ტემპი შენარჩუნდეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფლაციურ რისკებს.