ორშაბათს, 28 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან $40 მილიონი გაყიდა და ამ ტრანზაქციით მიმოქცევიდან 109 მლნ ლარამდე ამოიღო (კურსი: $1/2.7199).
აღნიშნული ინტერვენციის შემდეგ, ლარი მაინც გაუფასურდა. 29 ოქტომბრის კურსით, დოლარის ფასი $1/₾2.7255 –მდეა გაზრდილი (25/10-28/10 – $1/₾2,7174). ევროს ფასი კი 2.9484 ლარს უტოლდება (L/d – 2.9356).
ბოლო ერთ თვეში ეროვნულმა ბანკმა 4 ინტერვენციით, მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას ჯამში 470 მლნ ლარზე მეტი ამოაკლო.
სებ-ი Bmatch პლატფორმაზეც აქტიურია. თუმცა, მას დადებითი სალდოს შენარჩუნება უჭირს(ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ზუსტი მონაცემები ოქტომბრის თვის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, 25.11/2024, გახდება ცნობილი).
23 ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას ბრიფინგი არ გაუმართავს. წინა სხდომაზე მან $66.8 მილიონიან დადებით სალდოზე განაცხადა (სებ-მა სავალუტო აუქციონზე უფრო მეტი, $286.6 მლნ შეისყიდა, ვიდრე გაყიდა).
სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა წლის ტრანზაქციების სტატისტიკა, აგვისტოს მდგომარეობით წარმოადგინა, ორივე მექანიზმით (აუქციონი და Bmatch პლატფორმა). სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სებ-მა $219.7 მლნ გაყიდა, მათ შორის $168.7 სავალუტო აუქციონზე, $51 – Bmatch-ზე.
სებ-ი ვალუტას, როგორც წესი, ერთჯერადი ფაქტორით გამოწვეული აჟიოტაჟის საპასუხოდ, ნეგატიური მოლოდინების პრევენციის მიზნით ყიდის. ბოლო პერიოდში კი ფაქტორები გაბევრდა და რეგულატორს მეტჯერ მოუწია რეაგირება.
Bmatch-ზე სექტემბრის გაყიდვებმა $106.5 მლნ შეადგინა. ოქტომბრის სტატისტიკა მხოლოდ აუქციონებზე გამართულ ვაჭრობას აჩვენებს და გაყიდვები $213,4 მლნ-ია.