ფერმერები, რომლებსაც მინიმუმ 10 ჰექტარზე გაშენებული კენკროვანი ბაღები აქვთ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანების შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა თითოეული კოოპერატივისთვის 70%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 250 ათასი ლარი იქნება.
მინისტრის თქმით, დაფინანსება სამაცივრე მეურნეობების მოწყობას ითვალისწინებს, რასაც ფერმერები მოსავლის შესანახად გამოიყენებენ.
„რადგან კენკრა მალფუჭებადია, მნიშვნელოვანია, რომ მათ [ფერმერებს] ჰქონდეთ სამაცივრე მეურნეობები, სადაც შეინახავენ მოსავალს და შემდეგ მის რეალიზაციას ეტაპობრივად მოახდენენ.
ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება შედარებით მცირე და საშუალო ფერმერებისთვის, რათა კოოპერატივში გაერთიანდნენ და ჰქონდეთ მაცივრები”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, დანერგე მომავლის პროექტის ფარგლებში კენკრის ბაღები 2500 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. მათ დიდ ნაწილს მოცვის ბაღები შეადგენს, საიდანაც სამინისტრო მომავალ წლებში 20-25 ათას ტონა მოსავლის მიღებას ვარაუდობს.
„წელს მოცვის ექსპორტი 100%-ით გაიზარდა და 3 ათასი ტონა შეადგინა. სულ $18 მილიონის ღირებულების პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. მომავალ წლებში უფრო დიდი მოსავალი გვექნება და ეს დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მოცვის წარმოება საქართველოში 2019-23 წლებში 8.5-ჯერ გაიზარდა. 2023 წელს საქართველოში სულ 4 მილიონი კგ მოცვის მოსავალი მოვიდა.
სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება წარმოადგენს. საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვისთვის რუსეთი მთავარი საექსპორტო ბაზარია 90%-ზე მეტი წილით.