მთავრობა აპირებს, ქვეყნის თვითმართველობებს საშემოსავლო გადასახადებიდან მობილიზებული თანხების ნაწილი დაუთმოს.
ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ USAID -ის მიერ ორგანიზებულ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
აღნიშნული ცვლილების განხილვას საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.
„საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში გადატანა იოლი არ არის, რადგან ეს გამოიწვევს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას. შესაბამისად, ამ თანხების გამოყენება ეფექტური უნდა იყოს და ამას მუშაობა დასჭირდება”, -აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ბიუჯეტში შედის ქონების გადასახადი და ასევე, დღგ-ს წილი.
ქონების გადასახადიდან შემოსავალი შედის იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, სადაც აღნიშნული ქონება მდებარეობს, ხოლო ავტომობილის შემთხვევაში კი, სადაც რეგისტრირებულია.
დღგ-დან ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის შემოსავალი. შეძენილ ნივთსა და მომსახურებაზე ჩვენ, მოქალაქეები, ვიხდით ღირებულების 18% დღგ-ს სახით. ეს ჩვენ მიერ გადახდილი არაპირდაპირი გადასახადია.
ცნობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით შემოსული დღგ-ს 81% სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის, ხოლო 19% 64 მუნიციპალიტეტს შორის ნაწილდება.
ᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘ ადგილობრივი თვითმართველობების შემოსავლების ერთ-ერთი წყაროა.
სახელმწიფო მუნიციპალიტეტს სამი სახის ტრანსფერს აძლევს:
კაპიტალურ ტრანსფერს – მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად;
სპეციალურ ტრანსფერს – სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების
შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ;
მიზნობრივ ტრანსფერს – დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, როგორიც არის სამხედრო სამსახურში გაწვევა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სხვა.