მორატორიუმის გამოცხადება შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ახალი სტანდარტების ამოქმედებას, რომელიც რეანიმაციის მიმართულებით სექტემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში, რასაც შემდეგ, ქირურგიული სტანდარტების ამოქმედება მოჰყვება.
ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი ვარაუდობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ახალი მიმწოდებლების დამატება ჯანდაცვის სამინისტრომ სწორედ ამ ვალდებულებების ამოქმედებამდე შეაჩერა. რადგან მათი შემოწმება მოგვიანებით ხელახლა მოუწევს. მაია მახარაშვილი არ გამორიცხავს, რომ მორატორიუმი სელექტიური კონტრაქტირების მოსალოდნელ ამოქმედებასაც უკავშირდებოდეს.
შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, სადაც ასევე, მითითებულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობას უნდა წარუდგინოს წინადადებები „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მონაწილეობის ვადების, კრიტერიუმებისა და ვაუჩერის პირობების ადმინისტრირების გაუმჯობესების ღონისძიებების მიმართულებით საჭირო ცვლილებების თაობაზე.
ცვლილება არ შეეხება სტომატოლოგიურ მომსახურებას ზოგადი ანესთეზიით და ასევე, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციას.
მორატორიუმი აღნიშნული ღონისძიებების შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაგრძელდება, თუმცა, არა უგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
როგორც ცნობილია, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი დაწესებულება, ვალდებულია, 2023 წლის 1 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროს ახალ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ახალი სტანდარტი შეეხება რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების სანებართვო პირობებს. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.
გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია, სამედიცინო დაწესებულების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე.
წყარო: jandacva.ge