2023 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში სასტუმროები 6.3%-ით გაძვირდა.
PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.
ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, სასტუმროები 4.7%-ით არის გაძვირებული. მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსმა შარშანდელთან შედარებით, 3.6%-ით მოიმატა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასებმა 0.8%-ით დაიკლო.
კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა ივნისში 485 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი ამ ტიპის სასტუმროებს გურიაში აქვთ, სადაც სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 646 ლარი ღირს, კახეთში საშუალო ფასი 556 ლარია, აჭარაში – 516 ლარი, თბილისში კი 512 ლარი ღირს.
წინა თვეში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 186 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი – 262 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 133 ლარი შეადგინა.
მკვლევრების მიერ სასტუმროების შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ჩატარებული ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).
მათი საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.