საქართველოში ცოცხალი ფუტკარის იმპორტი 107%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის სამ თვეში ქვეყანამ $53.84 ათასის ცოცხალი ფუტკარი იყიდა, წელს იანვარ-მარტში ამ მაჩვენებელმა $111.53 ათასი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ როგორც წელს, ასევე შარშანაც ცოცხალი ფუტკაცის იმპორტი მთლიანად თურქეთიდან განხორციელდა.
ფუტკრების იმპორტის დიდი ნაწილი მარტში შემოვიდა – $105.74 ათასის ღირებულების. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა სოფლებში, კერძოდ კი ზემო რაჭაში ფუტკრების დახოცვა. შესაბამისად, ქვეყანაში ცოცხალი ფუტკრის იმპორტის ზრდა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ მაშინ ფუტკრის დახოცვის მიზეზად მეფუტკრეთა ასოციაციაში ვაროას ტკიპა დაასახელეს.
„ფუტკრის 10-15% თავისი ბუნებრივი სიკვდილით მაინც იღუპება. რაც შეეხება ამ ფაქტს, ჩემი აზრით, აქ მეფუტკრეების უყურადღებობაა მთავარი მიზეზი და გეტყვით ახლა, რატომ: მეფუტკრეები არ ახდენენ ვაროას ტკიპის მონიტორინგს და ფუტკართა კვდომის მიზეზიც სწორედ ეს არის. ეს დაავადება ჩვენთან 1970 წლიდანაა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან შეიცვალა თავისი ქცევები, მიდგომები, ადაპტირდა პრეპარატზე, რომელსაც მის წინააღმდეგ იყენებენ, რეზისტენტობა გამოხატა და შესაბამისად, იმდენად ეფექტური აღარ არის.
ამიტომ, საჭიროა მეტი ყურადღება მეფუტკრეს მხრიდან და აუცილებელია მიდგომების შეცვლა. ეს არის მთავარი. მარტო წამლის ჩასხმა ამ პრობლემას არ აგვარებს“ – განაცხადა ალეკო პაპავამ.
ვაროა წარმოადგენს ძირითად მავნებელს მეთაფლია ფუტკრებისთვის. არსებობს რამდენიმე სახეობის ვაროას ტკიპა, თუმცა Varroa destructor წარმოადგენს ტკიპას იმ სახეობას, რომელიც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს მეთაფლია ფუტკრის ოჯახებს.
ცნობისათვის, საქართველოში ვაროას ტკიპა პირველად 1970 წელს დაფიქსირდა.