მსოფლიო ბაზრებზე ყავა ისევ ძვირდება. მეორე კვარტალში ფასი 18-20%-ით გაიზარდა, რაც აზიის ქვეყნებში არსებულმა მაღალმა სიცხეებმა განაპირობა. ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.
კერძოდ, აპრილ-ივნისში რობუსტას ჯიშის ყავის ფიუჩერსები, მარტთან შედარებით, 18,1%-ით გაიზარდა და ტონაზე რეკორდულ $4,394-ს მიაღწია. ამასთან, არაბიკას ჯიშის ყავის მარცვალზე ფიუჩერსები 20,6%-ით გაძვირდა.
ყავის იმპორტი საქართველოში
დაზუსტებული მონაცემი, თუ რამდენად გაუძვირდა საქართველოს ყავის იმპორტი მეორე კვარტალში, ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
თუმცა, იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყავის იმპორტი 17.2%-ით არის გაძირებული და ერთი ტონის ღირებულება საშუალოდ $4.500 შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, წელს ხუთ თვეში საქართველოში $14.391 მლნ-ს ღირებულების 3 197 ტონა ყავა შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი $11.885 მლნ-ს ღირებულების 3 096 ტონა.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის ივნისში წლიურად დაფქული ყავა 4.29%-ით გაძვირდა, კაფეში ყავაზე ფასმა კი 11.87%-ით უკვე მოიმატა. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებს, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში ყავაზე ფასმა კიდევ მოიმატოს.