2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა $807.7 მილიონს მიაღწია, რაც 2023 წლის I კვარტალთან შედარებით 2%-ით, ხოლო პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მაღალი იყო რუსი მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი (მთლიანი შემოსავლის 21%), რასაც მოსდევდა თურქეთი (15%). თუმცა, ერთ ვიზიტზე მიღებული შემოსავლის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირსა (ვიზიტზე $1,535) და ისრაელს ($1,405) ჰქონდათ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების- 30.5%, ბელარუსის მოქალაქეების 42.5% და უკრაინის მოქალაქეების 30.3% შეფასებულია 1 წელზე მეტი ვადით მყოფად, ან საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენის მსურველად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით, ისინი განიხილებიან საქართველოს რეზიდენტებად და მათი დანახარჯები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის გამოთვლებში არ შედის.
რაში ხარჯავენ ფულს უცხოელი ტურისტები
2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორებმა ყველაზე მეტი დახარჯეს განთავსებასა (მთლიანი დანახარჯების 27%) და საყიდლებში (20%). აღსანიშნავია, რომ დანახარჯებში განთავსებისა და საყიდლების განაწილება 2023 წლის I კვარტლის განაწილების მსგავსია. თუმცა, 2023 წლის I კვარტალთან შედარებით, დანახარჯებში დასვენების წილი 7%-ით გაიზარდა, ხოლო საკვებისა და სასმლის წილი 6%-ით შემცირდა.
მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) შეფასებით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები $12.7 მილიარდ ლარს მიაღწევს (8.6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით).