საქართველოს ტყით დაფარული ფართობის 34.5% დეგრადირებულია, რაც 807 178 ჰექტარს შეადგენს (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ასეთი შედეგი აჩვენა ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ GIZ-ის მხარდაჭერით ჩაატარა.
საგულისხმოა ტყის დეგრადაციის გამომწვევი მიზეზები.
აღწერა აჩვენებს, რომ დეგრადირებული ფართობების ყველაზე მეტი წილი მოდის დაბალი სიხშირის კორომებზე, ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს უსისტემო ჭრების შედეგად ტყის ხარისხის გაუარესება, რაც მის დეგრადაციას იწვევს.
ტყეების მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მავნებელ-დაავადების გავრცელებაც.
ტყეების დაზიანებების წილი პროცენტულობით/Damage causes in percentages:
15.6 % – ფიტო და ენტო დაავადებები
38.8 % – დაბალი სიხშირის კორომი
36.1 % – უსისტემო ჭრების გამო ტყის ხარისხის გაუარესება
7.8 % – უკონტროლო ძოვება
1.0 % – ტყის ხანძრები
0.7 % – სხვა/უცნობი მიზეზებით დაზიანება
შედეგებიდან გამოიკვეთა 5 მერქნიანი სახეობა, რომელიც უარყოფითად რეაგირებს გარემო ფაქტორებზე და ყველაზე მეტი რაოდენობის გამხმარი ინდივიდებითაა წარმოდგენილი.
ყველაზე მეტად დაზიანებულია კოლხური ბზა – მთლიანი ნარგავების 91,5%; ჩვეულებრივი წაბლი – დაზიანებულია 17,6%-ით; კავკასიური ფიჭვი – 8,7%; ქართული მუხა – 8% და აღმოსავლური ნაძვი – 6,8%.
ტყის მასივს ქვეყნის ტერიტორიის 44.7% უკავია და ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება.